შემოგვიერთდით!

 

მსოფლიო ფედერაცია
Facebook

მომავალი ღონისძიებები

   

პარტნიორები

ჭყონდიდობა 2015

 მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ- მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე ’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება. ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა, ამ საერო და საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერების ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლები, სტუმრები მეზობელი რაიონებიდან და ადგილობრივი მოსახლეობა.

2015 წლის 25 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები: ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით, მარტვილის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს, სადაც დამთვალიერებელს მეგრული სამზარეულოს დაგემოვნება შეეძლო. გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გიორგი გაწერელიასა და გიორგი სურმავას ფერწერული ნამუშევრების გამოფენა წარმატებით გაიმართა, საჯარო ბიბლიოთეკაში ჩატარდა პოეზიის დღე ,,მარტვილელი პოეტები-მარტვილს“, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა, კულტურის სახლში ჩატარდა სპექტაკლი ,,დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ ადგილობრივი თეატრალური დასის მონაწილეობით, ასევე ჩატარდა სპორტული ღონისძიებები: შეჯიბრება ჭადრაკში, მძლეოსნობაში, ტანვარჯიშში, კრივში, ტაიკვანდოსა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში. 

მდინარე ტეხურაზე მოეწყო სლალომი და ჩატარდა ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი ჯომარდელები. დღის ბოლოს ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი, მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: ბექა ბროლაძე, თიკა ჯამბურია, ელენე ფოჩხუა, თიკა მახალდიანი, ირინა ბაირამაშვილი, ფოლკლორული ანსამბლი ,,შავლეგო“; მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ მარტვილის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა მარტვილელებს: მოძღვარს მამა გოჩას, ალექსანდრე ხურცილავას, მარინე კიკალიშვილს, ელგუჯა ბერიშვილს, ელგუჯა ხარებავას და მათ გადასცეს სპეციალური სიგელები. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილში იმყოფებოდნენ: სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილეები-კახა რუსია, კობა ქანთარია და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიება საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა ღონისძიება ჩატარდა მარტვილის მუნიციციპალიტეტის გამგეობის, საკრებულოსა და ჭყონდიდის ეპარქის მხარდაჭერით.

 



CDS © 2012